თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის თორმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა წერილით – განიხილოს თავისი უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო.
„მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გამოიჩენთ ლიდერობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების საქმეში“, – ნათქვამია დეპუტატების წერილში, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნევიჩიენემ Twitter-ზე თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
იუკნევიჩიენე ერთ-ერთია 12 დეპუტატიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს საქართველოს პრეზიდენტისადმი.
„ევროპარლამენტმა დაგმო ნიკა გვარამიას პატიმრობა, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის საეჭვო ბრალდებები ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია „რუსთავი-2“-ის დირექტორობის პერიოდთან“, – ნათქვამია წერილში.
როგორც პოლიტიკოსები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმის ჩახშობა, 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
„ეს საქმე საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას ხაზს უსვამს. ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო ამწვავებს პოლარიზაციას“, – ნათქვამია მიმართვაში.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველო მრავალი წელია ევროპული ინტეგრაციის გზაზე იმყოფება. მათი თქმით, ეს გზა რთულია, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა.
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა ამას წინათ გაიხსნა ევროკომისიის რეკომენდაციითა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანამ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას და არ შეწყვიტოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს მიზანს.
„პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან“, – აღნიშნავენ ევროდეპუტატები.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 3 ნოემბერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მიმართეს ოფიციალური შუამდგომლობით, შეეწყალებინა ნიკა გვარამია „ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის და ქვეყანაში პოლიტიკური დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის“.
წერილს ხელი მოაწერა 15-მა დეპუტატმა საქართველოს ოპოზიციური პარტიებიდან.