მმართველი პარტია : „ნაცმოძრაობას“ ავტორიტეტი აღარ აქვს

ბევრისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირება და მასთან პარტნიორობა, განაცხადა დეპუტატმა ზარქუამ
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას არც ელექტორატი და არც ავტორიტეტი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ორი უდიდესი ძალაა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა, ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობა“ სტაგნაციის რეჟიმშია და პარტიის შიდა კონფლიქტები საჯარო განცხადებებშიც ვლინდება.

„ნაცმოძრაობის" რეიტინგი დაეცა, პარტიაში დაიწყო ჩხუბი და დაპირისპირება, ზოგიერთებს (პარტიის წევრებს - რედ.), მათ შორის პარტიაში მოსულ ახალ სახეებს ისე რცხვენიათ, რომ ტოვებენ პარლამენტს. ყველასთვის არის ნეგატივი „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება და მასთან ერთად პარტნიორობა", - განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილება ქართულ პოლიტიკაზე არ აისახება.
„მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მახარებს „ნაცმოძრაობაში“ არსებული განხეთქილება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ავტორიტეტული ოპოზიცია. „ნაცმოძრაობას“ კი აღარ აქვს არც ავტორიტეტი, არც სინდისი, არც ელექტორატი“, - განაცხადა დეპუტატმა.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.
მისი ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენების მოსაპოვებლად, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა.