თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შეუძლია დაამტიკოს საქართველოსთვის 50 მლნ ევროს ოდენობის კრედიტი თბილისის მეტროს ათი სადგურის რემონტისთვის, ნათქვამია ფინანსური ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სარემონტო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია შემდეგ სადგურებზე: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთელი“ და „ნაძალადევი“.
„ინვესტიციები აამაღლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას მეტროს 10 სადგურის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯზე“, – ნათქვამია EBRD–ს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი არის უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ხელისუფლების დახმარებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში ავტობუსებისა და მეტროს სისტემების განახლების, ასევე ქსელის რესტრუქტურიზაციის დაფინანსების გზით.
ტრანში მიმართული იქნება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, რომელიც ექსპლუატაციას უწევს მეტროს, მუნიციპალურ ავტობუსებსა და საბაგირო გზებს თბილისში.
პროექტის საბოლოო მოწონების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 იანვარი.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
EBRD–მა საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან, 30 წლის განმავლობაში 270 პროექტში 5 მილიარდი ევროს ინვესტიციები განახორციელა.