თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შემფასებელი მისიის ხელმძღვანელთან ჯეიმს ჯონთან განიხილა რეფორმები, რომლებიც საქართველოში სსფ-ის მხარდაჭერით ტარდება.
სსფ-ის შემფასებელი მისია ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებთან განიხილავს საქართველოსთან ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. მისიის თბილისში ჩამოსვლას წინ უძღოდა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართა.
დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს სსფ-ის საქმიანობა საქართველოში, გამოითქვა ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების მზადყოფნა. ასევე აღინიშნა, რომ სსფ-ის მიმდინარე პროგრამას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ჯონს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების გზაზე სსფ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციები.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8,8% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში – 10,2%.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება, საქართველოში ინფლაციის კლების დინამიკა შეინიშნება.
საქართველოში ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით) 10,6% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. წლიურმა ინფლაციამ მაისში შეადგინა 13,3%, ივნისში – 12,8%, ივლისში – 11,5%, აგვისტოში – 10,9%, ხოლო სექტემბერში – 11,5%.
სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.
სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.