თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა პარასკევს თბილისის საკრებულოში, სადაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე მსჯელობა იგეგმებოდა.
ტრაგედია ვაკის პარკში 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდნენ. ორი მოზარდი გადარჩა, 13 წლის გოგონა კი დაიღუპა.
კონფლიქტი საკრებულოში ჯერ დერეფანში დაიწყო, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
ოპოზიციონერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე, მისულიყო საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე და პასუხი გაეცა ოპონენტების კითხვებისთვის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე.
დეპუტატმა „ოცნებიდან“ კოტე ზარნაძემ, თავის მხრივ, ოპოზიციას ტრაგედიით მანიპულირებაში დასდო ბრალი და დაინტერესდა, თუ რატომ არ დაუკავშირდნენ ოპოზიციონერები დაზარალებულების ოჯახებს.
ამ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ზარნაძე და საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე დერეფანში გავიდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მანდატურებმა და კოლეგებმა მათი გაშველება შეძლეს. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ სხდომათა დარბაზში და სიტყვიერი დაპირისპირება განაგრძეს. ამის გამო სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.
ვაკის პარკის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მზადაა კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, თუ ამ ტრაგედიაში მისი სულ მცირე ბრალი მაინც გამოიკვეთება.
ტრაგედიიდან მალევე დააკავეს ცხრა ადამიანი, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა დააზიანა ელექტროსადენის იზოლაცია, ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი არავის შეუმოწმებია. გარდა ამისა, ჩატარებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისთვის ყალბი საექსპერტო დასკვნა იყო გამოყენებული.