თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. 1 მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ბინა რუსეთის 2,6 ათასმა მოქალაქემ შეიძინა.
სამოქალაქო რეესტრზე დაყრდნობით ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ რუსეთის 2.585–მა მოქალაქემ საქართველოში იყიდა 189,1 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 2.964 ბინა.
ამას გარდა, აღნიშნულ პერიოდში რუსეთის 252–მა მოქალაქებ საქართველოში შეიძინა 249 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობია 37,9 ჰექტარი. ამასთან, 61 ნაკვეთი მხოლოდ მიწაა და 188 ნაკვეთი – მიწა შენობა–ნაგებობებით.
ასევე ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 1 მარტიდან 12 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში დაარეგისტრირეს 711 იურიდიული პირი, რუსეთის 9.789 მოქალაქემ საქართველოში ინდმეწარმის სტატუსი მიიღო.
გამოცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე საქართველოში სამსახური იშოვა 1.493–მა უცხოელმა, აქედან რუსეთის მოქალაქეა 977.
საქართველოს შსს–ს მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში სულ შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112.733 მოქალაქე.