თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მეტროს სადგური „გოცირიძე“ მგზავრებისთვის გაიხსნება მისი ექსპლუატაციაში შესვლის პროცესის დასრულებისთანავე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. გასულ წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული მეტროს ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები საფრთხეს შეიცავდა.
„რაც შეეხება მეტრო „გოცირიძეს“, სამუშაოები დასრულებულია და მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მეტროც მაშინვე გაიხსნება“, – განაცხადა კალაძემ ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას ბრალდებების საპასუხოდ.
მანამდე ფარულავამ განაცხადა, რომ სადგურ „გოცირიძის“ გახსნის გაჭიანურებული პროცესი დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ კორუფციასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მეტროს ამ სადგურის რეკონსტრუქციის შესახებ ხელშეკრულება გასულ წელს კომპანია „მამისონთან“ გაფორმდა და სამუშაოები შვიდ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ აღნიშნული მეტროთი მოქალაქეები დღემდე ვერ სარგებლობენ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.