თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციების მფლობელია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო ძირითადი მიმართულებები ქვეყნებს შორის თანამშრომლობაში და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
პრემიერმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ შეიხმა საქართველოს პრემიერი სამუშაო ვახშამზე მიიწვია.
საქართველოში შეიხმა ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანმა 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 190 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 84%-ით მეტია.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.