თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 189 მლნ დოლარი შეადგინა.