თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დაიწყო ყველაზე გრძელი ხიდის (648 მ) მალის ნაშენის მოწყობა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე, რომელიც აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (Е-60) ნაწილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთზე, რომელიც გაგრძელებაა ხაშურის 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზისა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს.
ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რვა ხიდზე და ხუთ გვირაბზე, აქედან ექვსი ხიდი უკვე აშენებულია.
სულ მეორე მონაკვეთზე 6,4 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი მსოფლიო ბანკის 265 მლნ ლარამდე თანხის მხარდაჭერით ხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი იქნება 14-კილომეტრიანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა 23 ხიდითა და ხუთი გვირაბით, რკინაბეტონის მიწისქვეშა გადასასვლელებით, წყალგაყვანილობითა და სადრენაჟე სისტემებით.
ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთი სურამისა და ჩუმათელეთის გვერდის ავლით რიკოთის მთავარ გვირაბთან გადის. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო გზას მიუერთდება.
„აღმოსავლეთი–დასავლეთის" ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტამში მთავრდება.
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.