თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ეკონომიკური ვითარება საქართველოში, ასევე პროგნოზები 2023 წლისთვის იყო მთავარი თემები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შემფასებელი მისიის წევრების შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
მისიის თბილისში ჩამოსვლას წინ უძღოდა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ვაშინგტონში მოლაპარაკებები გამართა. სსფ-ის მისიას ჯეიმს ჯონი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ასევე მოსალოდნელი მაკროეკონომიკური პარამეტრები და პროგნოზები 2023 წლისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან, ხაზი გაესვა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით იზრდება – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის აგვისტოში, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,5% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი რვა თვეში 10,3%-ია.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას და სსფ-ის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.
სსფ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს სტრუქტურული რეფორმების რეალიზაციაში ეხმარება.
სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, მიმართულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომი გამყარებისკენ, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდისკენ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.