თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ანტიკორუფციული ბიურო არ იქნება დამოუკიდებელი ორგანო, რადგან უწყების ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აირჩევს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა საკანონმდებლო შესწორებები ევროკომისიის მოთხოვნების შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს.
კორუფციასთან გაძლიერებული ბრძოლა ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
„როცა ამა თუ იმ ხელმძღვანელ თანამდებობის პირს პრემიერ-მინისტრი არჩევს და ნიშნავს, ის მუდამ აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი და მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებელი იქნება. ნათლად ჩანს, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ამგვარი უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამ ინიციატივის თანახმად, ხელმძღვანელს დანიშნავს პარლამენტი დიდი კვორუმით, რაც, გოცირიძის თქმით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას იძლევა.
„მთავარია არა „რაღაცის“ შექმნა, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება“, – აღნიშნა გოცირიძემ.
კორუფციასთან ეფექტური და რეალური ბრძოლა დამატებით ბიუროკრატიულ რგოლს არ საჭიროებს, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ანა ნაცვლიშვილმა.
„ამას სჭირდება ეფექტური დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც რგოლთა რგოლი კი არ იქნება და რაღაც ქულების ჩასაწერად კი არ შეიქმნება, არამედ მას ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები და ფუნქციები, რათა გამოავლინოს და პასუხი მოსთხოვოს კორუფციის ჩამდენს... დადასტურდა, რომ მათ (ხელისუფლებას) ასეთი ორგანოს შექმნის ინტერესი არ აქვთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შემუშავებული პროექტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს. კანდიდატურები პრემიერს წარედგინება, რომელიც მათგან ამოირჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს უწყებათშორის ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგენს.