თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ყველა პროდასავლურ პარტიას და ითანამშრომლებს საერთო იდეის გარშემო, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
ხუთშაბათს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ სამი ოპოზიციური პარტია მოქმედების ერთიან გეგმაზე შეთანხმდა. ამასთან, მისი თქმით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ აპირებენ.
„ჩვენ ვიყავით კოალიციის შექმნის ავანგარდში. ჩვენი ინტერესია, რომ პატარა პარტიებმა საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობა გაზარდონ, რადგან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლა მნიშვნელოვანია. ასე რომ, ვგულშემატკივრობთ ყველა პროდასავლურ პარტიას და ვთანამშრომლობთ საერთო იდეის გარშემო, რაც მდგომარეობს ევროპულ არჩევანში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება საერთო სიას ან სხვა ტექნიკურ საკითხებს, დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ განიხილება.
„ვფიქრობთ, პირველ რიგში აუცილებელია არჩევნების მოგება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სხვა საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვა. პოტენციურ პარტნიორებად პოლიტიკოსმა დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
გუშინ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.