„ბავშვური კაპრიზები“ - პირველი ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის განცხადებაზე

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრები კვლავ გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო.
ამ დღეებში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კიდევ ერთხელ გაჩნდა დაძაბულობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყო ინფორმირებული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის შესახებ საქართველოში.

„სასარგებლო იქნებოდა, რომ ამ თემაზე ასეთი დემარშები არ გაკეთებულიყო და აქცენტები არ ყოფილიყო გადატანილი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, თვითონ პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამაც, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმომადგენლობითია“, – განაცხადა ვოლსკიმ „პირველი არხის“ ეთერში.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს არ ყოფილა სახალხო დღესასწაული, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ფუნქცია იზრდება.
„იყო ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განხილული თემები არანაირ კონსტიტუციურ ასპექტში არ უკავშირდება პრეზიდენტის ფუნქცია-მოვალეობებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საერთო მიზნებზე>>
მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები „ვითომ შემრიგებლურ-დამრიგებლური ტონით“, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენება, „რაღაც ბავშვურ, გულუბრყვილო, უფრო პრეტენზიებად, კაპრიზად ჟღერს“.
„ასე რომ, დემარში არის აბსოლუტურად ზედმეტი და არასაჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ალიევი წავიდა, კითხვები დარჩა: რაზე განაწყენდა საქართველოს პრეზიდენტი პრემიერზე>>
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალიევმა და ღარიბაშვილმა განიხილეს ერთობლივი პროექტები ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. აღინიშნა, რომ ქვეყნები გააგრძელებენ პროექტებს, რომლებიც დაეხმარება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდას აზერბაიჯანიდან საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს გავლით.
ამას გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს სამმხრივი ფორმატის დიალოგი სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს