თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. წამლის ხარისხის კონტროლის პირველი თანამედროვე ლაბორატორია წლის ბოლომდე გაიხსნება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ლაბორატორიაში მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წამლებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.
აზარაშვილის განცხადებით, ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება მის აღჭურვას, საჭირო აღჭურვილობა უკვე ადგილზეა და მალე დაიწყება მისი მონტაჟი, აღნიშნა მინისტრმა.
„ვფიქრობ, წლის ბოლომდე ეს ლაბორატორია უკვე გაშვებული გვექნება და მედიკამენტებს ადგილზე შევამოწმებთ, გაგზავნა აღარ დაგვჭირდება", – განაცხადა ბრიფინგზე აზარაშვილმა.
ამჟამად საქართველო წამლების ხარისხის შესამოწმებლად ევროპულ ლაბორატორიებს მიმართავს, ეს კი დიდ დროსა და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობა.
საქართველომ GMP/GDP სისტემების დანერგვა 2022 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, რითაც ქვეყანა აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.