თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომის სახით პატიმრობა შეუფარდა ლევან მარტიაშვილს, რომელსაც ბრალად ედება თბილისის ცენტრში ხელყუმბარის აფეთქება, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლოზე ბრალდებულმა არ უარყო, რომ ხელყუმბარა ააფეთქა, თუმცა გამორიცხა განზრახ მკვლელობის მოტივი და განაცხადა, რომ მხოლოდ თავს იცავდა.
დაკავებულს ბრალდება ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე) მუხლებით წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.