თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი ფორმატის დაწყება სომხეთის თანხმობის შემთხვევაში უკვე დღეს შეიძლება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს.
ალიევმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ოქტომბრის დასაწყისში პრაღაში განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფარგლებში თემაზე „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“. ალიევმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი–საქართველო–სომხეთის განხილვის ერთიანი პლატფორმის შექმნა, ანუ სამმხრივი ფორმატი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიაჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“, – განაცხადა ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ალიევის თქმით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი ვითარება შეიქმნა.
„მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შეთანხმების“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე გაუზიარა სომხეთს ხუთი ძირითადი პრინციპი.
„იმედი გვაქვს, სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის,0“, – აღნიშნა ალიევმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური, თავის მხრივ, მიესალმა აზერბაიჯანის ლიდერის მიერ პრაღაში გამოთქმულ ინიციატივას ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში.
საქართველოს მთავრობა პრემიერის მეთაურობით აცხადებს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მშვიდობიანი პოლიტიკის ხელშეწყობა რეგიონში, განაცხადა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ... მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.