ლოუკოსტერი Wizz Air ქუთაისში ავიაბაზის გაზრდას გეგმავს

ავიაკომპანია ქუთაისში მეტი თვითმფრინავის განთავსებას გეგმავს, რათა მოგზაურებს მეტი მიმართულება შესთავაზოს
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air ქუთაისში საკუთარი ავიაბაზის გაფართოებას აპირებს, განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანიის ორი თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არის ბაზირებული. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 20-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
„ძალიან გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი საქართველოში და უფრო მეტი ბაზირებული ხომალდი განვათავსოთ ქუთაისში, რათა მეტი მიმართულება შევთავაზოთ მოგზაურობს და მეტი ადამიანი დავასაქმოთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ საქართველოს აეროპორტების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.
თავის მხრივ, გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ ყურადღება გაამახვილა ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე გაფართოების პოტენციალზე.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან ახალი მიმართულებების დამატებაზე და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეტი პირდაპირი კავშირი ევროპასთან... ამიტომ ვფიქრობთ, რომ Wizz Air-ს საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ უფრო გაფართოების პოტენციალი აქვს“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა >>
2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდი დაამყარა. აგვისტოში აეროპორტში 450 რეისი განხორციელდა, რაც 64%-ით მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით (274 რეისი). აგვისტოში აეროპორტი 111.566 მგზავრს მოემსახურა.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.
ქუთაისის აეროპორტი რემონტის გამო ორი კვირით იკეტება >>
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.