ახალციხეში პურის ფესტივალი დაიწყო

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია, მისვლა სასურველია უზმოზე)))
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ახალციხეში 22 ოქტომბერს პურის ფესტივალი გაიხსნა - სტუმრებს ელოდება პურის და პურ-ფუნთუშეულის ბაზრობა, კერძების დეგუსტაცია, მასტერ-კლასები და გასართობი ღონისძიებები, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც 2010 წლიდან უკვე მეოთხედ იმართება ახალციხეში. ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების რეალიზაციის წახალისება.
პურის გამოცხობა თონეში
ფესტივალის პროგრამაშია ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქტებისა და კერძების გამოფენა/გაყიდვა: სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ხორბალი და გამომცხვარი პური, ჩეჩილი და ტენილი ყველი ადგილობრივი პარკოსანი კულტურებისგან დამზადებული კერძები, ბიში, ქადა, ჭირიხტა, ბაქმაზი, ტყლაპი, ჩირები, თაფლი, ღვინო, ლუდი და სხვ.
ასევე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, ტარდება პურის ცხობისა და ტრადიციული კერძების მომზადების მასტერკლასები, კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, ვიქტორინა, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასები და კონცერტი მოწვეული მომღერლების მონაწილეობით.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ რეგიონში მცხოვრებ და უცხოელ მეწარმეებს, დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ხორბლის, ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქციის წარმოებითა და გაყიდვით. ასევე, მეურნეებისთვის, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას და/ან კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.
დასწრება თავისუფალია. მისამართი: ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. 1.