თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ გადადგა ყველა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ ბელარუსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში.
ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე სექტემბრის ბოლოს ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინა დღეს აფხაზეთის პრობლემები რუსეთის პრეზიდენტთან განიხილა და მხარეები „მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება“ და მისი დახმარებაა საჭირო.
„ამ საკითხის საბოლოო შეფასების ნაწილში მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. მე ვფიქრობ, და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აღარ იქნება მომავალში, ამ მიმართულებით ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველომ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი ლუკაშენკოს ვიზიტზე რეაქციის ფარგლებში.
„რაც შეეხება ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში, ამასთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯები. პირველი – გავაკეთეთ კონკრეტული განცხადება ამასთან მიმართებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე. იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება, ჩემი გამოხმაურება. ჩვენ გამოვიძახეთ ბელარუსის ელჩი საქართველოში ახსნა-განმარტებისთვის და გადავდგით ყველა ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც ასეთ დროს ქვეყანამ უნდა გადადგას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ბელარუსს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.