მსოფლიო დღეს

ისრაელი უკრაინას შეიარაღების სისტემებს არ მიაწვდის

უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებით გამოიხატება, აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელის ხელისუფლება არ მიაწვდის უკრაინას შეიარაღებას რიგი მოსაზრებების გამო, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს უკრაინას, ნატოსა და დასავლეთს, იუწყება „რია ნოვოსტი“ ისრაელის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვგეგმავთ იმ დახმარების დამატებითი პაკეტის განხილვასა და დამტკიცებას, რომელსაც ადრეც ვაწვდიდით. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი არ მიაწვდის უკრაინას შეიარაღების სისტემებს რიგი ოპერატიული მოსაზრებების გამო. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმ ფარგლებში, რომლებშიც ამას ადრე ვაკეთებდით“, – ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკა ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარებითა და სამაშველო-დამცავი აღჭურვილობის მიწოდებით შემოიფარგლება.
ამას წინათ ისრაელის დიასპორის საქმეთა მინისტრმა ნაჰმან შაიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს ირანის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ. თავად ეს ინფორმაცია რუსეთსა და ირანში არაერთხელ უარყვეს. ისრაელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევს მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას და საგანგებო სამსახურების სამოქალაქო თანამშრომლების დამცავი საშუალებების შეზღუდულ პარტიებს უგზავნის.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა და რუსეთთან ურთიერთობას დაანგრევდა.