თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფოს მიერ საავადმყოფოების დაფინანსების ახალი მოდელი 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
საავადმყოფოები დაფინანსების ახალ მეთოდზე 3 ოქტომბერს უნდა გადასულიყო, თუმცა ეს პროცესი ქვეყნის კლინიკების ასოციაციის თხოვნით გადაიდო.
საუბარია ე.წ. DRG სისტემების დანერგვაზე (Diagnostic Related Group) - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად აშშ-ში 30 წლის წინ შეიქმნა. ყველა DRG–სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება.
სამინისტროს ცნობით, დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
„DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს", – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.
კლინიკებში ახალი სისტემის დანერგვა საპილოტო რეჟიმში აპრილიდან დაიწყო, ნოემბრიდან კი სისტემა უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. კლინიკებმა ეტაპობრივად უნდა უპასუხონ იმ სტანდარტებს, რომელთაც სახელმწიფო მათთვის დააწესებს.
საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.