საქართველოში გაცემული აგროკრედიტების თანხამ 160 მილიონ ლარს გადააჭარბა

კრედიტებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ერთწლიანი კულტურების მოყვანის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 162 მლნ ლარის ოდენობის 10,5 ათასი კრედიტი გაიცა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტი ფინანსდება. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ია, საიდანაც წლიურ 9%-ს სახელმწიფო აფინანსებს. პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე კრედიტის ოდენობა 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე ფარგლებში განისაზღვრა.
გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების შეძენას, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>
სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოებისა.
საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სესხების მიზანია ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბრუნავი საშუალებების ღირებულების შემცირება და ფერმერებისთვის უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის შესაძლებლობის გაზრდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს