თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საკრებულო მზად არის გაამკაცროს კანონმდებლობა ან რეგულაციები უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
„ვიმსჯელებთ, თუ რაიმე კანონმდებლობის, ან რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უახლოს დღეებში ჩვენ გვექნება დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია. აღნიშნულის შემდეგ ჩვენ, შესაძლოა, ნებისმიერი მიმართულებით მოგვიწიოს გადაწყვეტილების მიღება – როგორც რეგულაციების, ასევე ადმინისტრირების კუთხით გამკაცრება“, – განაცხადა ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე გრძელდება ვაკის პარკში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია Green Service Plus-ის დამფუძნებლების, აგრეთვე ამ კომპანიის და თბილისის მერიის თანამშრომლების გამოკითხვები.
გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის თავად ისიც, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.