თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრა.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი – 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.
„რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.