„ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების რეზოლუციით კმაყოფილია

ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპელი სოციალისტების პარტიის საერთაშორისო კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც პარტია მხარს უჭერს ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პარტია მხარს უჭერს ევროკავშირის მზადყოფნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მიიღეს რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და არის პირდაპირი მოწოდება ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული პოლიტიკური ოჯახის მხარდაჭერა“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი >>
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.