თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყება ახალი პროექტი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი“ (GRAIL), იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს ირიგაციის სექტორში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში.
საქართველოში მსოფლიო ბანკთან ერთობლივად მიმდინარე პროექტები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს პროექტის „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ (GILMDP) შედეგები და პროექტ GRAIL-ის რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ხანიშვილის თქმით, პროექტი GRAIL კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარებისთვის.
შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი, მათ შორის, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების (GILMDP) პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგების გათვალისწინებით.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ეხმარება და ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის შეღავათიანი კრედიტები და სესხები გამოუყო.