თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება მოითხოვა.
თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პოსტი 7 ოქტომბერს დატოვა. მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.
დადგენილი წესის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით.
„ჩვენ ვხედავთ არა პერსონალურ პრობლემას, არამედ სისტემურ გაუმართაობას. სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ, უნივერსიტეტში მოვიდეს ის რექტორი, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს. თსუ-ში ყველა რექტორს არალეგიტიმურად ვცნობთ, რადგან ჩვენ სისტემური ცვლილებები გვჭირდება. რექტორის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს", – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენლმა საბა ქერქაძემ.
სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია და პროფესორების ნაცვლად მას მმართველი პარტია ნიშნავს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რექტორის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად ისტორიკოსი ჯაბა სამუშია განიხილება. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გუშინ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გეგმავს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობას.
აქციის მონაწილეების თქმით, ახალი რექტორის დანიშვნამდე უნდა დაინიშნოს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება.
სტუდენტების ნაწილი ასევე მოითხოვს აკადემიური საბჭოს დაშლას. მათი აზრით, რექტორის არჩევის პროცესში უნდა მონაწილეობდეს არა აკადემიური საბჭოს წევრი 38 ადამიანი, არამედ თსუ-ის ყველა პროფესორი.