პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მხარდაჭერისთვის EIB-ს მადლობა გადაუხადა

მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და EIB-ს ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა მათი რეალიცაზიის საქმეში.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შორის გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეფორმების განხორციელების გაგრძელება საქართველოსთვის ერთადერთი გზაა გამოწვევების დასაძლევად.

როგორც შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, EIB-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, არამედ აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.

ყურადღება გამახვილდა EIB-ს გადამწყვეტ როლზე პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადასაჭრელად 2020 წელს EIB-ს ჯგუფმა 70 მლნ ევრო გამოყო საქართველოსთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და 100 მლნ ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებზე.
ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან 2 მლრდ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა ქვეყნის ინფრასტრუქტურულ, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის 23 პროექტში.