თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან მენაქში ლეხისთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ინდოელი ბიზნესმენების საქმიანობას საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.
წყარო - საგარეო საქმეთა სამინისტრო