თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ცოტნე რუსიშვილის ანიმაციური ფილმი „კატოს სიზმრები“ შევიდა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის CINANIMA 2022-ის პროგრამაში, რომელიც პორტუგალიაში 7-13 ნოემბერს გაიმართება, იუწყება კინოსტუდია 20 Steps Productions.
მულტფილმი Kato’s Dreams საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მას საფუძვლად უდევს პატარა კატოს სიზმრები და მამასთან საუბრის აუდიოჩანაწერები, რომლებიც ასახავს მათი ცხოვრების სამ წელს.
კატოს უყვარს სხვადასხვა ზღაპრის თუ მითოლოგიური პერსონაჟების დახატვა და შემდეგ მათი სიზმარში ხილვა. სიუჟეტის მიხედვით, მდიდარი ფანტაზიის მქონე გოგონა მამას საკუთარი უცნაური სიზმრების გმირებს აცნობს. ფილმის ტრეილერის ნახვა შესაძლებელია აქ.