თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 26 წლის ქალს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - შსს