რატომ მოხვდა ნიკა მელია ტრავმატოლოგთან: პარტიის ლიდერის განმარტება

მელია ირწმუნება, რომ ვარჯიშის დროს დაშავდა
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ჩხუბის ფაქტი უარყო.
ერთი დღით ადრე, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ პარტიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერებს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც მელიამ ხელი მოიტეხა.
„სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ის ვარაუდობდა, რომ მის ტრავმას პარტიულ დაპირისპირებას დაუკავშირებდნენ.
„როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ“, - განაცხადა მელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჭორები დაპირისპირებაზე მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლური კამპანიის და დეზინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენს.

რა ხდება ენმ-ში

ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.