თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საკრებულოს დეპუტატ ზაალ გოროზიას აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
საკრებულოს წევრი ცოლზე ძალადობის ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიების ცნობით, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ცოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.