ცირკი თუ ცილისწამება? თოფურიძის დაპირისპირება „ნაცმოძრაობის" ლიდერთან სულ უფრო აქტიურდება

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის" სახსრების კოლოსალურ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო თოფურიძის განცხადებას ცილისწამება უწოდა.
ადრე თოფურიძემ „ნაციონალური მოძრაობა" ფულის არამიზნობრივ გაფლანგვაში დაადანაშაულა. ის აცხადებს, რომ მხოლოდ ნიკა მელიას შენახვა პარტიას წელიწადში 1,4 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
კერძოდ, ყოველთვიურად იხარჯება სოციალურ ქსელებში გვერდებისთვის - 500 ათასი ლარი, დაცვის ხელფასი - 18 ათასი ლარი, საწვავი - 12 ათასი ლარი, ხელფასი 10 ათასი ლარი, საზღვარგარეთ მოგზაურობა - 41 ათასი ლარი.

„არანაირი ათიათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში! არანაირ 4 ტონა ბენზინს ჩემთვის არ ყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება. ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ!" – დაწერა ნიკა მელიამ.

დაცვას რაც შეეხება, მელიას თქმით, ჰყავს დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ნათქვამთან შედარებით ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება. თოფურიძის პოსტს მელიამ შეკვეთილი უწოდა.
„მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება, რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ – თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ. თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია", – წერს მელია.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის საუბრისგან მანამ შეიკავებს თავს, სანამ ტყვეობაში არიან საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
რაზე იხარჯება ფული „ნაცმოძრაობაში“ - პარტიის პასუხი>>
„თუმცა საზოგადოებას ვპირდები, რომ თავის დროზე აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო: სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის... ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს", – წერს ნიკა მელია.
„ცირკი და მარაზმი"
თავის მხრივ, თოფურიძემ პასუხად სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და „ნაციონალური მოძრაობის" რეაქციას ცირკი და მარაზმი უწოდა.
„ნაციონალური მოძრაობა" ჩემ მიერ დაწერილ ინფორმაციაზე ან უნდა გაჩუმებულიყო, ან პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარედგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია!" – დაწერა თოფურიძემ.
ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს, აღნიშნა მან.
„ჩემ გადაგდებულ ანკესზე ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი! კი, ბატონო! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია! ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!" – წერს თოფურიძე.
ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს>>
ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თოფურიძის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით პოლარიზაციისა და დაპირისპირების გაგრძელება უწოდა.
მისი თქმით, სააკაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის „შავი ფული" ოპოზიციურ პარტიაში ტრიალებს. სწორედ ამ ფულის გამო, კობახიძის თქმით, მიმდინარეობს ბრძოლა პარტიაში.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელია. ფორმალურად მას პარტიასთან აღარაფერი აკავშირებს, რადგან დიდი ხანია უკრაინის მოქალაქეა. უცხოეთში ყოფნისას სააკაშვილი პარტიის იდეოლოგი იყო. ერთი წლის წინ ის საქართველოში დაბრუნდა და ახლა პატიმრობაში იმყოფება.
რაც შეეხება კეზერაშვილს, ის სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ის თავის დროზე მოპარული ფულით ოპოზიციონერებს აფინანსებს.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
„ნაცმოძრაობამ" თავისი თავი ამოწურა - იაგო ხვიჩია>>
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს