უნდა განმარტოს: თეა წულუკიანი აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე

კულტურის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მისი განცხადება დიპლომატზე თავდასხმად არ ჩაითვლება.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უნდა განმარტოს, თუ რა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ამერიკელმა დიპლომატმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ მეტი დრო უნდა დაუთმოს არასათანადო გავლენების პრობლემას. მისი თქმით, კანონის უბრალოდ სხვისგან გადმოღება, ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, ყოველთვის სასარგებლო არ არის.

„ახლა მთავარია გაირკვეს, რას გულისხმობდა ქალბატონი ელჩი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნიდან კანონების გადმოღება არ უნდა ხდებოდეს. მე ცოტა სხვანაირი გამოცდილება მაქვს... პირიქით, ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ „გადმოვაკოპიროთ“ სხვა ქვეყნის კანონები. ახლა რა შეიცვალა, საინტერესოა ჩემთვის“, – განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ამასთან, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი განცხადება არ ჩაითვლება როგორც დიპლომატზე თავდასხმა.
„მაქვს კითხვა, თუ რას გულისხმობს ეს განცხადება, მე ვერ გავიგე და, ალბათ, ქალბატონმა ელჩმა უნდა აგვიხსნას, რას გულისხმობდა ის“, – დასძინა წულუკიანმა.
მისი თქმით, პირადად მას მიაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უნდა იქნას მიღებული, მიუხედავად ოპოზიციის სურვილისა.
„მაგრამ თუ პარლამენტი იტყვის, რომ კონსესუსია მთავარი და მართალიც იქნება, მაშინ ყველა იტყვის, რომ ეს კანონი აღარ გვჭირდება და ევროპაც ამას დაეთანხმება. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს კანონი, სავარაუდოდ, აღარ მიიღება“, – აღნიშნა წულუკიანმა.
რა არის დეოლიგარქიზაცია?
ამ დროისათვის საქართველოში აღნიშნულ კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება „ოლიგარქის“ განმარტებაა.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს.
ღარიბაშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მივიღებთ>>>
უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ამასთან, ოპოზიციის შეთავაზებაა, ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე“, სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგ საკითხებთან მიმართებით ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვაში მის ჩართულობას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს