- ვინ არის ნინია ბერიძე?
- მე უბრალოდ მე ვარ. სამცხეში დავიბადე. ვიღაცებს ჩემთვის არაორდინარულიც უწოდებიათ, გიჟიც და გადარეულიც. ჩემი სახლის ბოლოს მტკვარია. სკოლაში ვსწავლობდი, ვკითხულობდი მხოლოდ ზღაპრებს და ბავშვობიდან ვწერდი დიდ ლექსებს. პირველად ათი წლისას ამეხილა თვალი. შრომა დაბადებიდან მდევდა. მერე მივხვდი, რომ ზღაპრებით მტკვარს ვერ გადავცურავდი.
- ვიცი, რომ საქართველოში ორი უმაღლესი დაამთავრეთ...
- პირველ წელს ვერ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ოჯახი გადაირია. შემდეგ კი ჯერ პედაგოგიური დავამთავრე ქუთაისში, მერე პოლიტექნიკურის საინჟინრო ფაკულტეტი. ვაგროვე დიპლომები, მაგრამ არც ერთი არ გამომადგა.
- ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში რა საქმიანობდით?
- ეს 90-იანებში იყო, იმ ბნელ წლებში მერიასთან ბავშვთა თეატრი ჩამოვაყალიბე. ვპოულობდი ნიჭიერ ბავშვებს, ვმართავდი სპეკტაკლებს, კონცერტებსა და საღამოებს. ვხვდებოდი ომის ვეტერანებს, შეფობა მქონდა აღებული ბროწეულას უპატრონო ბავშვთა სახლზე. ეს ყველაფერი ხშირად შიშველი ხელებით და სპონსორების წინაშე ყელგამოწვდილმა შევძელი.
- რა გახდა ემიგრაციაში წასვლის საბაბი?
- 2007 წელს, როცა მერიაში ვმუშაობდი, ხელფასი 28 ლარი გამომიწერეს. ძალიან მეტკინა. გავყიდე ერთადერთი ბინა, რომელიც გამაჩნდა და ათენისკენ მიმავალ ავტობუსში ავედი. იქიდან რომში ჩავედი. უცხოეთში ბევრი რამ გადავიტანე. მახსოვს, გულზე დამაგრებული მქონდა აბრა და ქუჩებში ხეტიალით ვეძებდი სამსახურს - ჯოჯოხეთი გამოვიარე.
- ზღაპრებს ისევ მიუბრუნდით?
- ცხოვრების მიწურულს ისევ მივუბრუნდი ზღაპრების კითხვას და ლექსებს, ჩვენი სიცოცხლე ისეთი პატარაა, რომ მუჭში მოიმწყვდევ. ადამიანებო, დააგროვეთ ბედნიერი წუთები, სიკეთით იცხოვრეთ!..
ნინო მამულაშვილი