მსოფლიო დღეს

ლუკაშენკო ბელარუსის მონაწილეობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ეხმარება ლტოლვილებს, მკურნალობს და კვებავს ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობს, მაგრამ იქ სამხედროებს არ გზავნის და არავის კლავს.
ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა თავდაცვის სამინისტროში სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე თათბირი ჩაატარა.

„რაც შეეხება ჩვენ მონაწილეობას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში უკრაინაში, ჩვენ მასში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის არ ვკლავთ, ჩვენ არსად არ ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს“, – ციტირებს ბელარუსის ლიდერს რადიო Sputnik.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ეხმარება ლტოლვილებს, მკურნალობს და კვებავს ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შედიან.
„დიახ, ვმკურნალობთ. საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ვმკურნალობდით. დიახ, ვაჭმევთ ხალხს. და არა მარტო რუსებს. ყველაზე მეტად ვაჭმევთ იმ დევნილებს, ღარიბებს, გაჭირვებულებს, ჩვენთან უკრაინიდან დღეში 400-500 კაცი რომ შემოდის. აბა როგორ არ ვაჭამოთ, როგორ არ ვუმკურნალოთ?! ასეთია ჩვენი მონაწილეობა ამ სამხედრო ოპერაციაში, სხვა არაფერი არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.