თბილისში 65 წლის მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 56 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 65 წლის მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს