შსს: რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა

გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, შემოსული რუსი მოქალაქეების თითქმის 60% საქართველოს სატრანზიტოდ იყენებს და გზას სხვა მიმართულებით განაგრძობს.
შსს-ს მონაცემებით, 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.
„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და დაუბრუნდა წინა პერიოდის ნიშნულს და მერყეობს 6 ათასის ფარგლებში“, - განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძის თქმით, ამავე დროს გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას.
რუსეთში 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ „ზემო ლარსზე“ ქვეყანაში შემომსვლელი მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები შეიქმნა. ბოლო რამდენიმე დღეში შემომსვლელთა ნაკადი შემცირდა, საცობები აღარ არის.