თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს მძღოლების დაჯარიმების სისტემის გაუმჯობესებაზე კამერის მონაცემების საფუძველზე უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების მძღოლებთან დაკავშირებით, განაცხადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
საქართველოში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირების გარდა, არსებობს ვიდეოჯარიმების სისტემა, როდესაც დარღვევები ფიქსირდება ე.წ. „ჭკვიანი კამერებით“, ამ შემთხვევაში მძღოლს ჯარიმა ვიდეოკამერიდან ეგზავნება. ვიდეოჯარიმების არარსებობის გამო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამერები ვერ აღიქვამენ უცხოურ, მათ შორის რუსულ სანომრე ნიშნებს.
„ჭკვიანი კამერები" ამ ნომრებს აღიქვამს, აფიქსირებს და აჯარიმებს. მაგრამ არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რადგან როცა ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, ჯარიმა უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს სირთულეს ქმნის და ვმუშაობთ, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი და მოხდეს ეფექტური აღსრულება", - განაცხადა დარახველიძემ.
უცხოური ნომრებით მანქანების ვიდეოჯარიმების პრობლემა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ახალი ტალღის გამო შეიქმნა, რომელთა ნაწილი ქვეყანაში რჩება, გადაადგილდება რუსულნომრიანი მანქანებით და სახლებს ქირაობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 50 ათასი რუსეთის მოქალაქე იმყოფება.
საერთო ჯამში, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის ოდენობით 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 36,2 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.