სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია

საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ქართველ ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.
გამოფენა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
სალომე ზურაბიშვილი ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენაზე
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გამოფენაზე მისვლა მისი როგორც ქალი პრეზიდენტის მოვალეობაა.
ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა
„ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწეობასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენაზე
საქართველოში პირველად მიმდინარე ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს.
გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა ქალთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ფოკუსირებული იყო ქალებზე, კონფლიქტებსა და ყველა საკითხზე, რომელიც ქალთა მეტ ჩართულობას მოითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას დაარწმუნა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მეწარმე ქალების გვერდით „არის და იქნება“.