თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიური მოთამაშე უწოდა, რომელზეც ფსონის დადება შეიძლება.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში მეხუთე გოლი „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა. ნეაპოლიტანელთა შემადგენლობაში ორი გოლი ანგისამ გაიტანა. მატჩი ანგარიშით 3:1 დასრულდა. ლუჩანო სპალეტის შეგირდები სერია A-ში 20 ქულით ლიდერობენ და აქტიურად იბრძვიან „სკუდეტოსთვის“.
„კვარა არის ფეხბურთელი, რომელზეც ფსონის დადება შეიძლება. მას შეუძლია მცველზე მარტო გავიდეს და მომენტი შექმნას, რადგან ეს შესანიშნავად გამოსდის. ეს წარმოუდგენლად კარგი თვისებაა... ხვიჩა ფანტასტიკური მოთამაშეა“, - განაცხადა სპალეტიმ „ტორინოზე“ გამარჯვების შემდეგ.
როგორც „ნაპოლის“ მწვრთნელმა აღნიშნა, კვარაცხელიას მარტივად გამოსდის ის, რაზეც სხვები დიდხანს მუშაობენ.
„კვარა ამას იოლად აკეთებს, როდესაც სხვებს საამისოდ დიდი შრომა სჭირდებათ. სხვებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ იგივე გააკეთონ“, - განაცხადა სპალეტიმ.
21 წლის ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ Seria A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.