ქუთაისში უმსხვილესი ჰაკათონი NASA International Space Apps Challenge მიმდინარეობს

ეს ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში პლანეტაზე უდიდესი ჰაკათონის, NASA International Space Apps Challenge-ს ქართული შესარჩევი ტური მიმდინარეობს.
NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს.
პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.
ჰაკათონის ძირითადი ნაწილი ორი დღის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარეობს, სადაც 100-მდე მონაწილე, პროექტის ორგანიზატორი და მხარდამჭერია შეკრებილი.
საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება აქვთ, ჰაკათონის განმავლობაში დაესწრონ „ვორკშოპებს" ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ღონისძიების დასკვნით დღეს სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს, რომელიც მიიღებს სპეციალურ პრიზსა და შესაძლებლობას, რომ საკუთარი პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.
უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.