თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არასდროს ცნობს რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების შესვლას რეფერენდუმების შედეგების მიხედვით, აცხადებენ ევროგაერთიანების ლიდერები.
ამასთან მათ მოუწოდეს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს, დაგმონ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება და უარი თქვან რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგების ცნობაზე.
„ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვცნობთ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფის მიზნით, და არც მათ ფალსიფიცირებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნება იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი – უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, – ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში.
დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც გააძლიერებს რესტრიქციებსა და ზეწოლებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა მან „აგრესიული ომი შეწყვიტოს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.