ელექტრონული კენჭისყრა და სხვა სიახლეები - შესწორებები უკვე პარლამენტშია

საარჩევნო კოდექსის შეცვლა ერთ-ერთი მთავარი პირობაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ შესწორებების განხილვას საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელიც შემდეგი არჩევნებისთვის კენჭისყრის, საარჩევნო კომისიების ჩამოყალიბების, დამკვირვებლების რეგისტრაციის წესებს და სხვა სიახლეებს ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტი შესწორებებს პირველი მოსმენით განიხილავს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიას და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) გაეგზავნება, იქნება რედაქტირებული მათი რეკომენდაციების შესაბამისად და დანარჩენი ორი მოსმენით მიღებული.
შესწორებების მიღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად არის სავალდებულო პუნქტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. შესწორებების მიღება 2022 წლის ბოლომდე იგეგმება.
კენჭისყრის დღე
შესწორებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულად დათვლას გულისხმობს. ამასთან, კანონი საქართველოს ცესკოს უტოვებს უფლებას, განსაზღვროს ელექტრონული კენჭისყრის უბნების რაოდენობა იმ პირობით, რომ თითოეულ უბანში 3 ათასზე ნაკლები ამომრჩეველი იქნება.
უბნებზე, სადაც ელექტრონული კენჭისყრა ჩატარდება, არ იქნება საჭირო ამომრჩევლის მარკირება.
სენაკში არჩევნებზე ციფრულ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ>>
მარკირება სავალდებულო იქნება მხოლოდ იმ ამომრჩევლისთვის, რომლებიც გადასატანი ყუთით მისცემენ ხმას, ასევე ციხეში მყოფი პატიმრებისა და სტაციონარში მყოფი პაციენტებისთვის.
ასეთ საარჩევნო უბნებზე შესაძლებელი იქნება ორი ან სამი ყუთის დადგმა.
კენჭისყრისა და ხმების დათვლისთვის ელექტრონულ საშუალებებს შეიძენს არა ცესკო, არამედ მთავრობა.
შესწორებების თანახმად, ცესკო თავად განსაზღვრავს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურებს, უბნების გახსნის დროსა და ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესს.
კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი გახდება ხმების ელექტრონული დათვლის შედეგების ამონაბეჭდი.
გარდა ამისა, ცესკო შეარჩევს ახალი სახის ბიულეტენებს, რომელიც ბოლო წლებში არ შეცვლილა, და ახალ კონვერტებს ბიულეტენებისთვის.
საჭირო იქნება ბიულეტენების გადატანა ციფრულ ფორმატში და მათი ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსება კენჭისყრიდან ხუთ დღეში.
კომისიების დაკომპლექტება
შესწორებების თანახმად, იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამოყალიბებისა და თავმჯდომარეების არჩევის პრინციპი, ასევე მოთხოვნები კომისიის წევრების მიმართ.
საუბნო კომისიის თავმჯდომარეს დანიშნავს საოლქო კომისია და არა კონკრეტული საუბნო კომისიის წევრები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ხმა უნდა მისცეს საოლქო კომისიის წევრთა ორმა მესამედმა, მათ შორის ცესკოს მიერ დანიშნულმა სამმა წარმომადგენელმა. ხმის უფლება არ ექნებათ საოლქო კომისიის იმ წევრებს, რომელთა ნათესავი საუბნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის პრეტენდენტია.
„გადაწყვეტილება რევოლუციურია" - პაპუაშვილი ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე>>
კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმე არჩევნების დანიშვნის შემდეგ პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.
ასევე კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან რომელიმე პარტიის შემომწირველი.
კონტროლის ზომები
კანონპროექტში გაფართოვდა ხმების გადათვლის საფუძვლების ჩამონათვალი. ხმების ხელახლა დათვლის საბაბი იქნება, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.
ასევე ორიდან სამ დღემდე გაიზარდა საუბნო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა.
მმართველი პარტია: „ნაცმოძრაობა" პოლიტიკური რადარებიდან გაქრება>>
ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2.000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და 4.000 ლარი გახდება.
წესები დამკვირვებლებისა და პარტიებისთვის
კიდევ ერთი სიახლე იქნება მოთხოვნები ადგილობრივი ორგანიზაციებიდან დამკვირვებლებისთვის.
არჩევნებზე დამკვირვებელი ვერ გახდება პირი, რომელიც ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების დანიშვნის შემდეგ ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.
პარტიებისთვის კი სიახლე იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატების პარტიული სიის მინიმალური რაოდენობის 100-დან 76-მდე შემცირება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს