თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს სრული რეაბილიტაციის შემდეგ გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ათი წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.
ქუთაისის აეროპორტი საშუალოდ წლიური 30%-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში – ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
მან აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ აეროპორტის განვითარება მომდევნო წლებშიც უწყვეტად გაგრძელდება.
არჩუაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ევროპის ქვეყნებში ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა.
„ეს ის აეროპორტია, საიდანაც საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება", – თქვა არჩუაძემ.
10 წლის წინ ქუთაისის აეროპორტში განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა.
2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდი დაამყარა.
წინა თვეში აეროპორტი 111.566 მგზავრს მოემსახურა მაშინ, როცა 2019 წლის აგვისტოში მათი რაოდენობა 87.969 იყო.
აგვისტოში აეროპორტში 450 რეისი განხორციელდა, რაც 64%-ით მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით (274 რეისი).
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.
აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.