კლასიკური ჭიდაობა: წლის შემაჯამებელ ტურნირზე სამი ქართველი მოჭიდავე გამოვა

წლის შემაჯამებელი ტურნირი 5-6 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) მსოფლიოს ნაკრებში იჭიდავებენ.
მსოფლიო თასი ტრადიციული გუნდური ტურნირია, რომელშიც სეზონის გამორჩეული ნაკრებები და სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) 2022 წლის შემაჯამებელი პრესტიჟული შეჯიბრებისთვის მსოფლიოს ნაკრების განაცხადი შეავსო და მასში ხსენებული ქართველი მოჭიდავეები შეიყვანა. ტურნირი 5-6 ნოემბერსაა დაგეგმილი და მას აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ წელს წურწუმიამ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, აბულაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო ხეცურიანმა ბოლო მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალში იასპარეზა.
კლასიკური ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა>>
მსოფლიო თასი თავისუფალი სტილით ჭიდაობაშიც ჩატარდება და, სავარაუდოდ, მსოფლიო ნაკრებში ქართველი ფალავნები ამ შემთხვევაშიც მოხვდებიან. შეჯიბრება 10-11 დეკემბერს აიოვა სიტიშია (აშშ) დაგეგმილი.
თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების გარდა, მსოფლიო თასზე აშშ, ირანი, იაპონია და მონღოლეთი გამოვლენ. მათ ერთ გუნდად დაემატება ხუთეულს მიღმა დარჩენილი ქვეყნების ბაზაზე დაკომპლექტებული მსოფლიოს ნაკრები.