თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას შეუძლია დაკავების დროს მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მიმართოს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ნარსია დანაშაულის ადგილზე 20 სექტემბერს დააკავეს. ორი დღის შემდეგ მას საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.
„მას დაზიანებები დაკავების დროს ჰქონდა მიღებული. არის სამსახურები და თუ ეს ადამიანი აცხადებს, რომ შემდეგ იგი სცემეს ან მასზე ზეწოლა იყო, იჩივლებს, საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები გამოიძიებენ. სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა გამოიძიებენ, თუ გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, – განაცხადა გომელაურმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მამაკაცს ჰქონდა „ასხმული ბომბები და ხელყუმბარები“. დაკავებისას მან სამართამდაცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მიიღო დაზიანებები.
„ფოტო ნამდვილად არ მინახავს. დეპარტამენტში როდესაც ავედით, ამ ადამიანს დაზიანებები ჰქონდა სახეზე. მე შევედი და ვესაუბრე მას, თუმცა რა საკითხზე, ამას არ ვიტყვი“, – აღნიშნა გომელაურმა.
გამოძიების ცნობით, 20 სექტემბერს, 11:15 საათზე გრიგოლ ნარსია ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვის-ცენტრში.
ბოროტმოქმედმა, რომელსაც 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი და ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, მოითხოვა 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მამაკაცი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.
37 წლის გრიგოლ ნარსია ბანკიდან მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლდა.
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ისე დააკავეს, რომ მან სასურველი თანხა ვერ მიიღო. მანამდე მან მოთხოვნილი თანხა 1,5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.
საქართველოს მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბანკში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოტრანსლაციებით - თავდამსხმელი მძევლებს პერიოდულად სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გასვლას აიძულებდა. ვიდეოს გავრცელებას მოითხოვდა თავად თავდამსხმელი, ამით ის ცდილობდა ყველას დარწმუნებას, რომ სერიოზულად იყო განწყობილი, შეიარაღებული და უკან დახევას არ აპირებდა. სწორედ ამის წყალობით გაიგო საზოგადოებამ მისი მოთხოვნები და ისიც, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
ბრალდებულიც არაერთხელ გამოჩნდა კადრში – ის იყო ნიღბით და სამხედრო ფორმა ეცვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.