თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედვარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 89-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად ვადგენ: მიენიჭოს რუსეთის მოქალაქეობა ედვარდ ჯოზეფ სნოუდენს, დაბადებულს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1983 წლის 21 ივნისს“, – ნათქვამია ბრძანებაში.
როგორც РИА Новости-ს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა, სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისივე თხოვნით მიენიჭა.
ედვარდ სნოუდენმა 2013 წლის ივნისში The Washington Post-სა და The Guardian-ს მთელი რიგი საიდუმლო მასალები გადასცა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თვალთვალის პროგრამების შესახებ. ის თავდაპირველად ჰონკონგში გაფრინდა, იქიდან კი მოსკოვში ჩავიდა, სადაც გარკვეული პერიოდი შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში გაატარა.
რუსეთმა სნოუდენს ერთწლიანი დროებითი თავშესაფარი მისცა იმ პირობით, რომ ის აშშ-ის წინააღმდეგ საქმიანობას შეწყვეტდა. 2014 წლის აგვისტოში მას რუსეთში სამი წლით ბინადრობის უფლება მიეცა, რაც მას უფლებას აძლევდა, ემოგზაურა არა მხოლოდ რუსეთის მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 2017 წლის იანვარში კი მას კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივეს ბინადრობის უფლება.
სნოუდენს საბოლოოდ რუსეთში უვადოდ ცხოვრების ნებართვა მისცეს. 2020 წლის ნოემბერში მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სნოუდენი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს.